პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 ნოემბერს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიებას აანონსებს.
როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, იგეგმებოდა კონცერტი, თუმცა 6 ნოემბერს კირბალში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების გამო, ღონისძიების სახე შეიცვალა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ევროპას ხმა გააგონოს.
"ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხვალ ვგეგმავდით რვაში რვა საათზე ღონისძიებას და დიდ კონცერტს. არა ზეიმისთვის, ზეიმი იქნება დეკემბერში, თუ მივიღებთ პასუხს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი.
რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი და ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ხვალ ჩვენ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. გავაგზავნით ჩვენს ხმას ევროპაში. აქ ყველა უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასდროს შეგვიცვლის აწი დღის წესრიგს"- თქვა ზურაბიშვილმა.